logo
ENG



დაისჯონ ძალადობის ორგანიზატორები, გადაგდეს ღარიბაშვილი - მედიის აქცია პროკურატურასთან

16 ივლ 202114:05
3 წუთის საკითხავი
 

დაისჯონ ძალადობის ორგანიზატორები და შემსრულებლები - ჟურნალისტები პროკურატურასთან აქციას მართავენ. 

ამასთან, მათ უწყებაში წერილი შეაქვთ, რომლითაც მედიის წარმომადგენლები ირაკლი შოთაძეს მიმართავენ, დაიწყოს გამოძიება კონკრეტული პირების მიმართ. 

"როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის 5 ივლისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სხვადასხვა მედია საშუალებების 53 ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტოგრაფს. მითითებული ძალადობის ორგანიზატორებს წარმოადგენდნენ მედია საშუალება ალტ ინფოს ხელმძღვანელები და წამყვანები. აღნიშნული დასტურდება მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული არაერთი განცხადებით და ძალადობისკენ მოწოდებით. 5 ივლისის შემდეგ ხსენებული მედიის ეთერში მისი ხელმძღავენელები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე და სხვები აგრძელებენ მოწოდებებს ჟურნალისტთა მიმართ ძალადობისკენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს რომ მომავალშიც მოხდება მათზე ანგარიშსწორება.

გთხოვთ, გვაცნობოთ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მედია საშუალების ალტ ინფოს ეთერში გაკეთებულ მუქარის შემცველ განცახდებებზე და ჟურნალისტებზე ძალადობის პირდაპირ მოწოდებების ფაქტზე. დადებით შემთხვევაში გთხოვთ შეგვატყობინოთ, რა კვალიფიკაციით მიმდინარეობს გამოძიება და მიცემულია თუ არა ვინმე სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

მიგვაჩნია, რომ ხსენებულ პირთა მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები ცალსახად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და იმ შემთხვევაში, თუ არ არის გამოძიება უკვე დაწყებული ამ ფაქტზე, გთხოვთ უზრუნველყოთ გამოძიების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარება, რათა დამნაშავეებს დაეკისროთ სათანადო პასუხისმგებლობა და მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმები. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედია ალტინფო ფინანსდება რუსული სპეცსამსახურების მიერ, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს ამ საკითხითაც და არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების გატარება და ამ პირებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოში აწარმოონ ანტიდასავლური პროპაგანდა". - ნათქვამია ჟურნალისტების განცხადებაში. 

ჟურნალისტები საპროტესტო აქციებს რამდენიმე დღეა, სხვადასხვა სახით აქტიურად მართავენ. 

მიზეზი მედიაზე ძალადობაა. 

5 ივლისს, 18:00 საათზე Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო.  საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია.

5 ივლისს, დილიდან ძალადობრივი ჯგუფები ჯერ ქაშუეთის ტაძრის უკან შეიკრიბნენ, მალევე კი პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს და ოპოზიციონერი აქტივისტების კარვები დაშალეს. მალევე მათ დაიწყეს ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობა. სცემეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაუზიანეს აპარატურა და პირადი ნივთები 53 მედიამუშაკს, მათ შორის  ფორმულას რამდენიმე გადამღებ ჯგუფს.

შეკრებილ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდებდნენ სასულიერო პირები. "არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის" - ასე მიმართა შეკრებილებს დეკანოზმა სპირიდონმა. 

ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. 

მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო მცირე რაოდენობით პოლიციელი. ამაზე შს მინისტრმა განაცხადა, რომ იმდენი სამართალდამცველი იქნა მობილიზებული, "რისი საშუალებაც იყო". 

5 ივლისს, მაშინ, როცა ჟურნალისტებზე უკვე ძალადობდნენ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.

ღირსების მარში გაუქმდა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე ძალადობა კიდევ რამდენიმე საათს გაგრძელდა. 

5 ივლისს განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად 6 ივლისს დაიგეგმა აქცია სოლიდარობისთვის.  თუმცა პრორუსულმა ჯგუფებმა ამ აქციაზეც იძალადეს. მათ აქციის მონაწილეებს ქვები, კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. 

იმავე დღეს პოლიციამ 100 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით, დააკავეს 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეებიც, თუმცა არა ყველა მათგანი. 

ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. 


close დახურვა